ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია და ოპოზიცია დღის ბოლომდე პოზიციების დაახლოებას შეეცდება.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, შეთანხმება მიღწევადია.
„მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ გადმოსახედიდან შეაფასებს მოვლენებს, იმედია, შევძლებთ შეთანხმებას. დღის ბოლომდე ვფიქრობ გამოიკვეთება შესაძლებლობა, შევთანხმდეთ და პოლიტიკურ თანხმობას მივაღწიოთ. ეს შეთანხმება მიღწევადია, ჩვენ ასე ვხედავთ პირობებს, რომელიც განიხილება. ვფიქრობ, დღის ბოლომდე დროს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ დავაახლოვოთ პოზიციები", - განაცხადა თალაკვაძემ.
ევროკავშირის წარმომადგენელი, შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი უკვე მეორე დღეა, ოპოზიციასა და მმართველ გუნდთან შეხვედრებს მართავს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა.
დანიელსონი თბილისში გუშინ 12 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა. ის 12 მარტსვე შეხვდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს. შეხვედრების მორიგი რაუნდი გაიმართა 13 მარტს. დანიელსონი აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსაც შეხვდა.
მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან.
მიშელმა საკითხების ჩარჩოც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა.